მამუკელაშვილის დაბრუნება და ჩატენვა „პელიკანსთან“ - „ბაქსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „მილუოკი ბაქსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი ამჯერად „ნიო ორლეანს პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 135-110 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი პარკეტზე მეოთხე მეოთხედის მიწურულს გამოჩნდა და 2:40 წუთი ითამაშა. შეგახსენებთ, რომ სანდრომ ამ მატჩამდე  NBA-ში ბოლოს 14 იანვარს, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. სანდროს „პელიკანსის“ წინააღმდეგ ერთი ეფექტური ჩატენვა ჰქონდა და შესაბამისად, შეხვედრა 2 ქულით დაასრულა.

რაც შეეხება მატჩს, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულის ვინაობა პირველივე მეოთხედში გადაწყდა, როცა ვისკონსინელები მეტოქეს 18 ქულით გაექცნენ. მეორე და მესამე პერიოდები თანაბარი ანგარიშებით დასრულდა და საბოლოო ჯამში, „ბაქსმა“ 25 ქულით მოიგო.

მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი 50 ქულითა და 13 მოხსნით გაიფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე საუკეთესო შედეგი ორივე გუნდის მხრიდან „პელიკანსის“ ხოსე ალვარადოს ჰქონდა – მის ანგარიშზე 18 ქულაა.

„მილუოკი“ 33 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 1-ელ თებერვალს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.