მამუკელაშვილის 8 ქულა და 4 მოხსნა - სანდროს ასპროცენტიანი შედეგი „ოკლაჰომასთან“ #1TVSPORT
12:35, 09.03.2022
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი შეხვედრა ჩაატარა მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“, რომელიც „ოკლაჰომას“ ესტუმრა და დიდი სხვაობით 142-115 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრის პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და 8:54 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 8 ქულისა და 4 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო. ის თამაშიდანაც და საჯარიმოს ხაზიდანაც უნაკლოდ ისროდა და ყველა შანსი გამოიყენა – 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ბაქსი“ შეტევაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა პირველივე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა და საბოლოო ჯამში მარტივად მოიგო. საუკეთესო 39 ქულით იანის ანტეტოკუნმპო იყო. ვისკონსინელების მხრიდან ბობი პორტისი ორმაგი დუბლით გამოირჩა – მის ანგარიშზე 18 ქულა და 14 მოხსნაა. „ოკლაჰომადან“ ყველაზე შედეგიანი შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელმაც 33 ქულა და 14 პასი შეასრულა.
ოკლაჰომა vs მილუოკი
შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 10 მარტს „ატლანტასთან“ გამართავს.