მამუკელაშვილის 6 ქულა „ლეიკერსთან“ - „ბაქსის“ მოგებათა სერია გრძელდება [ვიდეო] #1TVSPORT
„მილუოკი ბაქსი“ ბოლო შეხვედრებია შესანიშნავად გამოიყურება – მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს ბოლო 12 მატჩში 11 მოგება აქვს. ამჯერად, ვისკონსინელები „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ესტუმრნენ, რომელსაც ლებრონ ჯეიმსი ტრავმის გამო არ ჰყავდა და ანგარიშით 115:106 დაამარცხეს.
სანდრო მამუკელაშვილმა 12.48 წუთი ითამაშა. ქართველი კალათბურთელი პარკეტზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა, როცა „ბაქსი“ 5 ქულით აგებდა. მან 6 ქულა 2-იდან 1 სამქულიანით, 2-იდან 1 ორქულიანითა და 2-იდან 1 საჯარიმოთი დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. სანდრომ მატჩის შემოტრიალებაში თავისი როლი ითამაშა – ორქულიანი მაშინ ჩააგდო, როცა თავისი გუნდი 5 ქულით მარცხდებოდა, შემდეგ კი 11-ქულიანი სხვაობის დროს პერიმეტრიდან ზუსტი იყო.
შეხვედრა მესამე მეოთხედამდე „ლეიკერსის“ უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მესამე პერიოდი „ბაქსმა“ 15 ქულით მოიგო და ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა.
საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 38 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. მას ასევე 6 პასი ჰქონდა. ლოს ანჯელესური კლუბიდან კი, ორმაგი დუბლი ენტონი დევისმა გაიფორმა – მის ანგარიშზე 23 ქულა და 16 მოხსნაა.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მეცხრე მოგება გაიფორმა. ვისკონსინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან და „ბოსტონ სელტიკსს“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩებიან. შემდეგ შეხვედრას „ბაქსი“ 11 თებერვალს „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.