მამუკელაშვილის 6 ქულა G ლიგაში - ბეჟანიშვილმა 8 ქულა დააგროვა და მე-11 შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდი“ „ფორტ ვეინ მედ ენტსს“ დაუპირისპირდა და 110-128 დამარცხდა.
სანდრო სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთი ითამაშა. მან 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა. ის მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.
„ჰერდი“ მესამე მეოთხედამდე მხოლოდ 5 ქულით აგებდა და მატჩის შემოტრიალება შეეძლო, მაგრამ „მედ ენტსმა“ ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში, 18 ქულით მოიგო.
ეს ვისკონსინელებისთვის მე-9 მარცხია ამ სეზონში, „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდს 6 მოგება აქვს და ცენტრალურ დივიზიონში მე-6 ადგილზე იმყოფება.
გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ „დელავეარ ბლუ ქოუთსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 120-117 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა 16 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია ის, რომ ბეჟანიშვილის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 18 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის მხრიდან მეორე საუკეთესო შედეგია.
„ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდს 11 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა – აღმოსავლეთ დივიზიონში „სკაიჰოუკსი“ პირველ ადგილს იკავებს.