მამუკელაშვილის 5 ქულა „პორტლენდთან“ - „მილუოკიმ“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1VSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში 6 თებერვალს მორიგი შეხვედრები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იცავს, სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 137-108 დაამარცხა.
მამუკელაშვილი პარკეტზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და 7:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულის, 3 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა.
„ბაქსმა“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 16 ქულით გაექცა. მესამე მეოთხედში ვისკონსინელები შეტევაში იდეალურად გამოიყურებოდნენ და „პორტლენდის“ 21 ქულას 37 ქულით უპასუხეს.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ბობი პორტისი იყო. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე იანის ანტეტოკუნმპოს, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია. „პორტლენდიდან“ 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა იუსუფ ნურკიჩმა.
მამუკელაშვილის გუნდი 33 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „ბაქსი“ ხვალ, 7 თებერვალს „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.