მამუკელაშვილის 5 ქულა 12 წუთში - „ბაქსი“ „ჰორნეტსთან“ სტუმრად დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
10:24, 09.01.2022
NBA-ის რეგულარულ სეზონში „მილუოკი ბაქსი“ „ბრუკლინ ნეტსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „შარლოტ ჰორნეტსს“ ესტუმრა და ამჯერად 106-114 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა ამ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და 12:10 წუთი ითამაშა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, შორი მანძილიდან კი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო. ამ დროის განმავლობაში სანდრო მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
მატჩი ვისკონსინელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედებში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. იანის ანტეტოკუნმპოს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე 41 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაქსის“ კალათბურთელებიდან ორმაგი დუბლი კიდე ორმა მოთამაშემ მიითვალა. კრის მიდლტონს 27 ქულა და 10 მოხსნა დაუგროვდა, ბობი პორტისს კი 19 ქულა და 13 მოხსნა. „ჰორნეტსის“ მხრიდან გამორჩეული 28 ქულით ტერი როზიე იყო, მაილს ბრიჯესის ანგარიშზე 21 ქულაა, ლამელო ბოლს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – მან 19 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.
შარლოტი VS მილუოკი
„ბაქსს“ ამ შეხვედრის შემდეგ 26 მოგება და 16 წაგება დაუგროვდა. მოქმედი ჩემპიონები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 11 იანვარს ისევ „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.