მამუკელაშვილის 31 ქულა, ორმაგი დუბლი და MVP - „ჰერდი“ ოვერტაიმში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
10:58, 24.01.2023
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის პარალელურად, G ლიგა მიმდინარეობს, სადაც „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდი, „ვისკონსინ ჰერდი“ ამჯერად „მოტორ სიტი კრუიზს“ შეხვდა და ოვერტაიმში 130-134 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41 წუთი ითამაშა, რაც მისი რეკორდია. ქართველ კალათბურთელს კარიერის კიდევ ერთ საუკეთესო მაჩვენებლამდე 1 ქულა დააკლდა – მან „მოტორ სიტის“ წინააღმდეგ 31 ქულა დააგროვა (რეკორდი – 32 ქულა „გრანდ რაპიდს გოლდის“ წინააღმდეგ). სანდრომ 12 (6 შეტევაში, 6 დაცვაში) მოხსნაც მიითვალა, G ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა და MVP გახდა.
მის ანგარიშზე ასევე 3 პასი და 1 ჩაჭრაა. ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა 15-დან 9 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 4 ერთქულიანი გამოიყენა. რაც შეეხება პასივს – მამუკელაშვილი 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. მისი +/- მაჩვენებელი +4 იყო, რაც თავის გუნდში მე-3 საუკეთესო შედეგია.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და დიდ შესვენებამდე „მოტორ სიტი“ 6 ქულით წინ გავიდა. „ჰერდმა“ ბოლო ორი მეოთხედი მოიგო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც მეტოქემ გაიმარჯვა.
„ვისკონსინ ჰერდი“ 4 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას სანდროს გუნდი 26 იანვარს კვლავ „მოტორ სიტი კრუიზის“ წინააღმდეგ გამართავს.