მამუკელაშვილის 23 წუთი NBA-ში და საუკეთესო მაჩვენებელი - „ბაქსმა“ იანისის გარეშე მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
G ლიგაში ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ითამაშა და „მილუოკი ბაქსს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ვისკონსინელები ამჯერად „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდნენ და 123-97 დაამარცხეს.
იანის ანტეტოკუნმპომ მუხლის ტრავმის გამო ეს მატჩი გამოტოვა, შესაბამისად სანდროს შედარებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა – ქართველმა კალათბურთელმა 23:38 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში) და 6 პასი (კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი) დააგროვა. მან 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. მამუკელაშვილს +/- მაჩვენებელი +26 ჰქონდა, რაც ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი იყო.
რაც შეეხება შეხვედრას, დიდ შესვენებამდე „ბაქსი“ 9 ქულით წინ გავიდა – მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდა და „იუტამ“ მატჩის შემოტრიალების შანსი დაიტოვა, მაგრამ ბოლო პეირიოდში მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა მეტოქე დაჩაგრა და საბოლოო ჯამში 26 ქულით მოიგო.
საუკეთესო 22 ქულითა და 14 მოხსნით ბობი პორტისი იყო, 21 ქულა ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეის. „ჯაზის“ მხრიდან 18-18 ქულა დააგროვეს მალიკ ბისლიმ და ლაური მარკანენმა.
21 მოგებითა და 8 წაგებით „მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას სანდროს გუნდი 20 დეკემბერს „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.