სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ Big East-ის კონფერენციაში პირველი მარცხი განიცადა. მისი მეტოქე „პროვიდენსი“ გახლდათ და გამარჯვებულის გარკვევას დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 72:72 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში პროვიდენსელებმა იძალეს და 80:77 გაიმარჯვეს.
მამუკელაშვილი სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მან ულამაზესი ჩატენვითა და საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა – 72:72. მორიგი ე.წ. ენდვანი (AND 1) სანდრომ ოვერტაიმშიც ჩააგდო და ანგარიში ისევ გაათანაბრა (77:77), თუმცა საბოლოოდ გამარჯვება პროვიდენსელებს დარჩათ.
სანდრომ მთლიანობაში 41 წუთი ითამაშა და „სეტონ ჰოლში“ საუკეთესო იყო: 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. მამაუკელაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი ააცილა და 12-დან 8 საჯარიმო მიითვალა. მასზე მეტი, 23 ქულა მხოლოდ პროვიდენსელმა ნეით უატსონმა ჩააგდო.
2 მოგებითა და 1 მარცხით „სეტონ ჰოლი“ Big East-ის კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 დეკმბერს „ჯორჯთაუნთან“ გამართავს.
gbf.ge