„სეტონ ჰოლის“ 21 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს „ბიგ ისთის“ კონფერენციის წინასასეზონო გამოკითხვაში პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. საინტერესოა, რომ აღნიშნული კონფერენციის მწვრთნელებმა ქართველი ფორვარდი საუკეთესოთა შორის ერთხმად დაასახელეს. სანდრომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:
„სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, ჩვენ როგორ ვთამაშობთ. ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გავდივართ, მთელი გულით ვიხარჯებით და ვცდილობთ, მეტოქეზე მეტი გავაკეთოთ. სასიამოვნოა, როდესაც საკუთარ თავს რაიმე გამოკითხვის სათავეში ხედავ, თუმცა, ეს კალათბურთია. ის, ვინც უფრო ბევრს მუშაობს და წარმატების მეტი სურვილი აქვს, იმარჯვებს კიდეც. ახალ სეზონშიც ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე ისინი ფიქრობენ”.
გამოკითხვის შედეგები სპეციალური მედია-დღის ფარგლებში გახმაურდა და წინასასეზონო რეიტინგიც შედგა, სადაც სეტონ ჰოლი (67 ქულა) „ბიგს ისთის“ კონფერენციის მე-5 ადგილზე აღმოჩნდა, მის წინ კი, ვილანოვა (99), რატი ანდრონიკაშვილის ახალი კლუბი კრეიტონი (91), პროვიდენსი (79) და კონექტიკუტი (69) გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლს“ 2017 წელს ფლორიდული „მონვერდეს“ აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ახლა კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი „ბიგ ისთის“ კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს. მოგვიანებით სანდრო NBA-ს დრაფტზეც დადგა, რამდენიმე კლუბთან გასაუბრებაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კოლეჯთა ლიგაში თამაში დაასრულოს და დრაფტზე 2021 წელს დადგეს.
„სეტონ ჰოლი“ კოლეჯების ლიგის ახალ სეზონს 11 დეკემბერს „დეპოლთან“ მატჩით გახსნის, შემდეგ კი, „ქსავიერთან“ (15 დეკემბერს), „მარკეტთან“ (17), „პროვიდენსთან“ (20) და „ჯორჯთაუნთან“ (23) თამაშები ელის.