სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის კოლეჯების ლიგის Big East-ის კონფერენციის კვირის მოთამაშეა. „სეტონ ჰოლის“ ქართველი ფორვარდისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე აღიარებაა, რაც თავისთავად უდიდესი მიღწევაა ისეთ ფრონტზე, სადაც სტუდენტური ლიგის საუკეთესო გუნდები თამაშობენ.
მამუკელაშვილს სტუმრად მოგებული ორი მატჩი დაუფასდა „პროვიდენსთან“ და „კონექტიკუტთან“. სანდრო ამ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.5 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებდა, „სეტონ ჰოლმა“ კი ორივე მატჩი მოიგო NCAA-ს ჩემპიონშიპში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ის 50%-იანი სიზუსტით ისროდა, როგორც ორქულიანებს, ისე 3-ქულიანებს, საჯარიმო ხაზიდან კი 14-დან 12 ჩააგდო (86%).
სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის წლის მოთამაშეობისა და კარლ მელოუნის პრიზის ნომინანტია. ქულებით ის კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა. მოხსნებით და პასებითაც ტოპ-15-შია. ამის გარდა, სანდრო კონფერენციის კვირის სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე დაასახელეს.