მამუკა კვარაცხელია: ზუგდიდის სტადიონზე ხარვეზები გამოსწორდება
მამუკა კვარაცხელია: ზუგდიდის სტადიონზე ხარვეზები გამოსწორდება

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონი დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ. თუმცა, მშენებლობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, ბევრი დეტალი შესასწორებელია. ამის შემდეგ ტენდერი მეორე ეტაპის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდება – ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მანამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად სტადიონი ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერა. ხოლო დღეს, ქალაქს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ეწვია და სამხარეო ადმინისტრაციის და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებს (გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერიის სამსახურების წარმომადგენლები) შეხვდა. მათ მეორე ეტაპის სამუშაოებსა და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე დეტალურად ილაპარაკეს.

სტადიონის მეორე ეტაპის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში, მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ფეხბურთის ფედერაცია რეკომენდაციით მერიას ოფიციალურად მიმართავს. მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია ტრიბუნების გადახურვა, განათების, სავენტილაციო სისტემისა თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება.

“ზუგდიდის სტადიონი ზოგ პარამეტრში გადააჭარბებს კიდეც მესამე კატეგორიის მოთხოვნებს. მაგალითად თუ მესამე კატეგორიის სტადიონზე მინიმალური ტევადობა 4 500 ადგილია, აქ 7 000-ზე მეტი ადამიანი დაეტევა. მინდვრის სიგრძე-სიგანე 105-68 მეტრი იქნება, 200-ს გადააჭარბებს საპატიო სტუმართა ლოჟაში სკამების რაოდენობა. ჟურნალისტებს მოემსახურება კეთილმოწყობილი ლოჟა და ბუფეტი, კომენტატორებისთვის აშენდება ჯიხურები და იქნება მყუდრო საპრესკონფერენციო და შერეული ზონები. მცირე კორექტურის შემდეგ, მაყურებელი მინდორს ყველა ადგილიდან დაინახავს. მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ გადახურულ სტადიონზე საკმაოდ კარგი ხარისხის ელექტროტაბლო დამონტაჟდება. ის მცირე გადახრები, რასაც მშენებლობის პროცესში დაფიქსირდა, მალევე გამოსწორდება” – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

მამუკა კვარაცელიამ პირველ არხთან ის მცირე გადახრები დააფიქისრა, რაც მშენებლობის პროცესში დაფიქსირდა. მისი თქმით, მოანგრევენ მოედნის გასწვრივ აშენებულ ბეტონის ჯებირს და ვიპ-ლოჟის იმ ნაწილს, რომელიც მაყურებელს თამაშის ხილვაში ხელს უშლიდა. მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდის ახალ არენას უეფამ მესამე კატეგორია უნდა მიაკუთვნოს.

დღესვე მამუკა კვარაცხელია ფოთში გაემგზავრა, სადაც ”ფაზისის” სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს დააათვალიერებს.