მამუკა კვარაცხელია - ზუგდიდის სტადიონი უეფა-ს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და ძალიან კარგი საფეხბურთო არენა შეგვემატება #1TVSPORT
მამუკა კვარაცხელია - ზუგდიდის სტადიონი უეფა-ს მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და ძალიან კარგი საფეხბურთო არენა შეგვემატება #1TVSPORT

უეფა- ს მედიაოფიცერმა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა, მამუკა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მალე ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა დასრულდება.

„ზუგდიდის სტადიონს ვეწვიეთ და ფირმა „კარკასთან“ ერთად საბოლოო გეგმა შევადგინეთ. თუ მშენებლებიც „კარკასივით“ ყოჩაღები აღმოჩნდნენ, მომავალ წელს აქ საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს“, – წერს კვარაცხელია.

სტადიონზე არსებულ ვთარებაზე უეფა-ს მედიაოფიცერმა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ზუგდიდს ფეხბურთის ფედერაციიდან სპეციალისტების ჯგუფი ვესტუმრეთ. საქმე ისაა, რომ სტადიონზე იყვნენ საპროექტო კომპანია „კარკასის“ წარმოამდგენლები, რომელმაც სატდიონის პროექტის ტენდერი მოიგო და სტადიონი უნდა დაასრულოს. გამიხარდა, რომ ძალიან პროფესიონალი და ფეხბურთის მოყვარული ადამიანები აღმოჩდნენ, იყვნენ ფედერაციაში და დეტალების დასაზუსტებლად კონსულტაციები გაიარეს. მერე ზუგდიდში ჩავედით და ხარვეზებზე ადგილზე მივუთითეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მამუკა კვარაცხელია.

მან დეტალებზეც ილაპარაკა: „მშენებლობის დროს მოედნის გარშემო ბეტონის კედელი ააშენეს, რაც სტადიონს უეფა-ს ლიცენზიის მიღების შანსს ფაქტობრივად უსპობდა, მაგრამ ეს კედელი მოინგრა და ახლა დარწმუნებული ვარ, პროექტი უეფა-ს მესამე კატეგორიის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. პროექტი ორ თვეში, ივნისის ბოლოს ჩაბარდება და შემდეგ მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, რომლის გამარჯვებულიც სტადიონს დაასრულებს. იმედი მაქვს, მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება და საქართველოს ძალიან კარგი საფეხბურთო არენა შეემატება“.

კვარაცხელიას თქმით, ზუგდიდში მალე თანამედროვე სტადიონი იქნება: „ცენტრალური ტრიბუნა გადაიხურება, რის გამოც გასახდელები დაზიანდა. განათება მაღალი ხარისხის იქნება მინიმუმ 1200-დან 1400 ლუქსამდე, რაც საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს. თამამად ვიტყვი, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საუკეთესო მედია ლოჟა იქნება, უეფა-ს სტანდარტების დაცვით და ყველა წერტილიდან მაყურებელი დაინახავს. ვიპ ლოჟითაც აღფრთოვანებული ვარ. სტადიონი 7000 ადამიანს დაიტევს, ხოლო გვერდზე სავარჯიშო სტადიონი იქნება, ასევე განათებით“.