მამუკა ხაზარაძემ „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგო და კამპანია - „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა
მამუკა ხაზარაძემ „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგო და კამპანია - „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია – „ახალი ძალა, ახალი იმედი“ საზოგადოებას და მედიას წარუდგინა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი არის სიმბოლო გამარჯვებისა და სიმბოლო მშვიდობისა. „ლელო საქართველოსთვის“ ახალი იმედითა და ძალით არის არჩევანი საზოგადოებისთვის.

პარტიის ლიდერების განცხადებით, პანდემიის შემდგომ მსოფლიოს ახალი იმედი და ახალი ძალით განვითარება სჭირდება, ამიტომ „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა, კრიზისის ფონზე აჩვენოს მასშტაბური წარმატების და გამარჯვების მაგალითები.

პარტიაში ამბობენ, რომ ახალი სიმბოლო არ გამოხატავს მხოლოდ ერთი პარტიის, ერთი ადამიანის კუთვნილებას – ის საზოგადოების ერთობის გამომხატველი ნიშანია, რომლიც ერთი იდეის გარშემო კრავს ადამიანებს, სახელმწიფოებს, ცივილიზაციებს. მათი თქმით, „ლელოს“ ლოგო არის გამარჯვების სიმბოლო.

„დღეს საქართველოს სჭირდება გაერთიანება და გამარჯვება. „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით იწყებს აქტიურ კამპანიას – „ახალი ძალა, ახალი იმედი“. „ლელოსთვის“, „ლელოელებისთვის“ და საზოგადოებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა“, – აცხადებენ პარტიაში.

პარტიის ახალი კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური საბჭოს და ორგანიზაციის წევრები.