მამუკა ხაზარაძე - ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და მათთვის შვილად აყვანის უფლების მიცემას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ
მამუკა ხაზარაძე - ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და მათთვის შვილად აყვანის უფლების მიცემას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და მათზე შვილების აყვანის უფლებას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მის მიერ გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქდა.

​„ის ზედმეტი აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ბოლო ორი დღის განმავლობაში, უფრო აზიანებს ამ პროცესს. მე მინდა, კიდევ ერთხელ და ალბათ, საბოლოოდ გითხრათ, რა ითქვა და რა კითხვა იყო დასმული. მე რასაც შევხედე გუშინ, იყო ამოგლეჯილად, მხოლოდ ჩემი პასუხის ნაგლეჯები იყო ამოღებული და მთლიანი კონტექსტი დარჩა გაუგებარი მაყურებლისთვის. უმეტესობამ ეს მიიღო, როგორც ფაქტი.

კითხვა იყო შემდეგი, დავაკანონებთ თუ არა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას და მათ მიერ შვილების აყვანის უფლებას. ამაზე პასუხი იყო, რომ ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. ამავე დროს, ჩემ მიერ ითქვა, რომ საქართველოში არის კანონმდებლობა, რომელიც იცავს – ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღების დროს, ჩვენ გვახსოვს, რამდენი ექსპერტი და რამდენი ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ადილობრივი ექსპერტები, პარლამენტარები იყვნენ ჩართული მის მიღებაში. კანონი არის ნორმალური. იქვე აღვნიშნე, რომ ეს კანონი არ სრულდება, ანუ მისი აღსრულების სერიოზული პრობლემა გვაქვს და დავამატე, რომ უმცირესობები ჩვენს ქვეყანაში არ არიან დაცული.

ეს შეგიძლიათ, თქვენ ნახოთ თავიდან და რაც შეეხება, საერთოდ, უფლებების დაცვას, მინდა გითხრათ, რომ უმცირესობის კი არა, საერთოდ საქართველოში არავის უფლება არ არის დაცული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.