მამუკა ჯუღელი - შეიძლება, კვარაცხელია ყველაზე ნიჭიერია, მაგრამ ჩვენ გვყავდა ქინქლაძე
ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი კატეგორიულად არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბოლო 40 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. ამის შესახებ „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მენეჯერმა ნობელ არუსტამიანის „იუთუბ“ არხზე განაცხადა.
„უკვე ზედმეტებს ლაპარაკობენ. როგორ არის ხვიჩა ყველაზე ძლიერი? შეიძლება, ყველაზე ნიჭიერია, მაგრამ ჩვენ გვყავდა ქინქლაძე, არველაძე, კალაძე, კობიაშვილი… ხვიჩა ჯერ ფეხბურთელი არაა. მას ბევრი შრომა დასჭირდება, მათი დონის რომ გახდეს. ეს საქართველოა, ჩვენ კი გვყავდა ყიფიანი, გუცაევი, შენგელია. არა, ჯერ პირველი ვარსკვლავი არაა. ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მათ დონემდე დიდი შრომა მოუწევს“, – ამბობს ჯუღელი.
თუმცა, ქართველი აგენტი, რომელიც რუსეთის ბაზარზე საქმიანობს, აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელის მომავალში დარწმუნებულია.