მამუკა ჯუღელი - „ნაპოლისთან“ პრობლემები არასდროს გვქონია და არც კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გვისაუბრია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ბედნიერია და ტყუილია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართველმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის შეთავაზება უარყო, – ამის შესახებ „ნაპოლის“ ვარსკვლავის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა Calcionapoli24-სთან ისაუბრა.
„მინდა, გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ ხვიჩას არ სურს კლუბის შეცვლა და ყველაფერს გააკეთებს „ნაპოლისთვის“. ჩვენ მადლიერები ვართ. საქართველოში მადრიდის „რეალს“ ბევრი უჭერს მხარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ყველა „ნაპოლის“ უქომაგებს.
კლუბის ხელმძღვანელობასთან ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს და მათზე მხოლოდ კარგის თქმა შეგვიძლია. ისე ვგრძნობთ თავს, როგორც სახლში და გარემოს შეცვლაზე არასდროს გვიფიქრია, არც პრობლემებიც გვქონია. „ნაპოლის“ დამსახურებაზე ყოველთვის ვსაუბრობთ.
კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც საუბარი არ ყოფილა, რადგან არსებული ხელშეკრულებით კმაყოფილები ვართ. ჩვენი მიზანია, „სკუდეტო“ შევინარჩუნოთ და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ხვიჩა აღფრთოვანებულია ქალაქით და თანაგუნელებით. არ ვიცი, რას წერს მედია და არც მაინტერესებს.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ბევრი რამ გაგვიკეთა. თუ მას კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ახლა ორივე მხარე ბედნიერია. არის ნდობა და ყველა დაპირება სრულდება. ჩვენ გვიყვარს კლუბი და არ გვინდა, რომ ამ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
ერთ დღეს, როდესაც მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ სათამაშოდ კვარა მზად იქნება, ამას გავაანალიზებთ, მაგრამ ახლა ის ძალიან კარგ გუნდშია ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც არიან ოსიმენი, დი ლორენცო, ზელინსკი… ეს შესანიშნავი გუნდია“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.