მამუკა ჯუღელი - ნაკრებს გაახალგაზრდავება სჭირდება, გელაშვილი და მამარდაშვილი შანსს იმსახურებენ
მამუკა ჯუღელი - ნაკრებს გაახალგაზრდავება სჭირდება, გელაშვილი და მამარდაშვილი შანსს იმსახურებენ

ცნობილმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს.

„ვოლგოგრადის „როტორში“ ივა გელაშვილის წაყვანაც მსურდა და ჩეხებს დაველაპარაკე. პრაღის „სპარტაშია“ და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გლაზგოს „სელტიკთან“ განაცხადში იყო. 19 წლის უნიჭიერესი ცენტრალური მცველია და გუნდი ასე იოლად ვერ შეელევა. ის უკვე შემადგენლობას ისე მიუახლოვდა, მალე ძირითადში ითამაშებს“, – ამბობს მამუკა ჯუღელი საქართველოს პირველ არხთან.

საფეხბურთო მენეჯერის აზრით, ნაკრებში ასეთი ახალგაზრდების დაწინაურებაა საჭირო: „დროა, ნაკრებში ასეთი ტალანტი გამოიძახონ და პერსპექტივის გათვლით ათამაშონ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე ორი თვეა დარჩენილი, კაშია ჯერ უგუნდოდ არის და ძოძუაშვილს ხომ არ გამოიძახებენ. მამარდაშვილზეც იგივეს ვიტყვი და საერთოდ, ჩემი აზრით, დროა, ნაკრებში მეტი ახალგაზრდა დააწინაურონ“.

თბილისის „ლოკომოტოვის“ 19 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. 19 წლის მცველი ივა გელაშვილი კი ჩეხეთში, პრაღის „სპარტაში“ თამაშობს და გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გელაშვილი „სპარტას“ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პრაღელების 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო.