მამუკა ჯუღელი - კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია ინგლისიდან და იტალიიდან, ყველაფერი მალე გაირკვევა #1TVSPORT
მამუკა ჯუღელი - კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია ინგლისიდან და იტალიიდან, ყველაფერი მალე გაირკვევა #1TVSPORT

მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს წარმოადგენს, ისაუბრა თავისი კლიენტის მომავალზე, რომლის ტრანსფერი ინგლისურ და იტალიურ კლუბებს სურთ.

„ახლა დიდი ინტერესია კვარაცხელიას მიმართ – ინგლისიდან, იტალიიდან. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ნამყოფი ვარ, ვითარება მალე გაირკვევა, მაგრამ ხვიჩა ზაფხულში ულტიმატუმით არ წავა, რადგან ასეთი რამ მიუღებელია“, – განაცხადა ჯუღელმა ნობელ არუსტუმიანის ტელეგრაფ-არხზე

ორიოდე დღის წინ გავრცელდა კვარაცხელიას მამის სიტყვები – „100%-ით ვამბობ, რომ ჩემი შვილი რუსეთში არ დარჩება“. ჯუღელმა ამის შესახებ ილაპარაკა:

„მთელი ცხოვრება რუსულ ფეხბურთში ვმუშაობდი და რუსეთის პრემიერლიგას ძალიან ვაფასებ. როდესაც ხვიჩამ „რუსთავი“ დატოვა, ორი გზა გვქონდა. პირველ გუნდში „ბენფიკამ“ მიიწვია, მაგრამ მოსკოვის „ლოკომოტივი“ შეგნებულად ავირჩიეთ. მე ვიცი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის მოთამაშეებს პროგრესი რუსეთის გუნდებში შეუძლიათ. ვფიქრობ, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. მან სახელი გაითქვა „ლოკოში“, „რუბინში“ იზრდება – სლუცკის, საიმანოვისა და მთლიანად კლუბის წყალობით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი ნიჭი გამოჩნდება და მე მასზე ვმუშაობ, მაშინ „რუბინი“ იქნება პირველი კლუბი, რომელსაც მას ვურჩევ“.