მამუკა ჯუღელი - კვარაცხელია მომჯობინდა და მზადაა, რომ „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ დაუბრუნდეს #1TVSPORT
მამუკა ჯუღელი - კვარაცხელია მომჯობინდა და მზადაა, რომ „ნაპოლის“ „უდინეზესთან“ დაუბრუნდეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლის“ წელის ტრავმის გამო ბოლო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, მომჯობინდა და შესაძლოა, გუნდს „უდინეზესთან“ შაბათის მატჩში დაუბრუნდეს, – ამასთან დაკავშირებით Calcio Napoli 24 Live-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა მამუკა ჯუღელმა, რომელიც ხვიჩას „ნაპოლიში“ გადასვლას შუამავლობდა.

„იქიდან გამომდინარე, რაც ვიცი, კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და „უდინეზესთან“ მატჩში მოედანზე უნდა გამოვიდეს, მაგრამ თავიდანვე ითამაშებს თუ შეცვლაზე, ეს ჯერ უცნობია.

კვარაცხელიას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ნეაპოლში თავს ძალიან კარგად გრძნობს. როდის წავა გუნდიდან? მას სურს წარმატების მიღწევა და „ნაპოლისთან“ ერთად რაიმე ღირებული ტიტულის მოგება, სანამ ახალ გუნდზე იფიქრებს.

ქალაქი? ხვიჩას ოჯახს ნეაპოლი უფრო და უფრო შეუყვარდა. ისინი იტალიური კინოს თაყვანისმცემლები არიან, ამიტომ ნეაპოლში გადასვლა გაუხარდათ. როდესაც ისინი აღმოჩდნენ ამ ქალაქში, მათი სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა.

მანქანის ქურდობა? ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მთავარია, რომ პრობლემა მოგვარდა. ის ფეხბურთით ცხოვრობს და რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ საყვარელ საქმეზეა კონცენტრირებული“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა Calcio Napoli 24 Live-ის პირდაპირ ეთერში.

21 წლის ქართველი გარემარბი წელის ტკივილის გამო „ატალანტასთან“ და „ემპოლისთან“ „პარტენოპეის“ გამარჯვებებში ვერ მონაწილეობდა. კვარაცხელია მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავია, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.