მამუკა გორგოძე - „რვა ერის“ ტურნირს უნდა შევხვდეთ ძალიან მომზადებულები, რადგან გვექნება საკმაოდ რთული თამაშები
ახალ სეზონში „ტაიმაუტის“ პირველ გადაცემაში, ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ, მამუკა გორგოძემ საქართველოს „8 ერში“ მონაწილეობაზე ისაუბრა.
რას ფიქრობ ამ ტურნირთან დაკავშირებით, საინტერესოა, მორაგბეები, როგორ უნდა მიუდგნენ ამ გამოწვევას და გულშემატკივრებს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამ ტურნირთან?
„რა თქმა უნდა, ეს სრულიად რაგბის სამყაროსთვის ძალიან დიდი მიღწევაა, მოხარული ვარ, რომ მიგვიღეს „8 ერში“, ეს დიდი ამბავია, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამ ფაქტს – ტურნირს გულშემატკივრები და მოთამაშეები უნდა შევხვდეთ ძალიან მომზადებულები, რადგან გვექნება საკმაოდ რთული თამაშები. შეიძლება, ხანდახან დიდი ანგარიშით წავაგოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ გუნდებთან თამაშის პრაქტიკა და გამოცდილება გვექნება და თუ დაგვაცდიან ცოტა დიდხანს ყოფნას, დარწმუნებული ვარ გუნდი წარმატებასაც მიაღწევს და თუ ეს იქნება ერთწლიანი ასვლა-ჩამოსვლა, არ ვიცი რამდენად კარგი იქნება ეს ჩვენთვის“.
რამდენად დაიმსახურა საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლის შედეგებით და იმ ისტორიით, რაც მას აქვს, უფრო ხშირად შეხვდეს ასეთი დონის ნაკრებებს?
„ნამდვილად დაიმსახურა, რაგბიში არ ვართ ისეთი პოპულარულები, როგორიც „6 ერის“ ქვეყნები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა და სხვა ქვეყნები არიან. დაუმსახურებლად არავინ არაფერს მოგვცემდა და ის რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმსახურა „8 ერში“ მონაწილეობის მიღება, არის ძალიან დიდი წარმატება, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამ წარმატებას სჭირდება ძალიან დიდი მოფრთხილება, რომ ეს ავტორიტეტი და წარმატება რეგრესისკენ არ წავიდეს“.