მამია გავაშელიშვილი ფეხბურთში დაბრუნებაზე - ეს ჩემთვის დიდი ემოცია იყო
მოედანზე წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მამია გავაშელიშვილმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
ეროვნულ ლიგის მე-3 ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ ლიგის დებიუტანტ თბილისის „მერანთან“ მატჩი 1:1 დაასრულა. 84-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა „ლოკომოტივის“ შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე შეცვალა.
„მოედანზე 1,5-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და ყველაფრი ერთმანეთს გადაება – დიდი სიხარულიც იყო, უდიდესი ემოციაც და რაც მთავარია, ფეხბურთის მონატრებაც. ფიზიკურად თავს ცუდად არ გრძნობ, რადგან კორონავირუსის პაუზის დროს ყველა მოთამაშე უვარჯიშებელი იყო და ასე ვთქვათ, ჩემი ჩამორჩენა შემცირდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მამია გავაშელიშვილი.
თბილისის „ლოკომოტივის“ 25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში საკუთარ მიზნებზეც გველაპარაკა: „ჯერ ორი ტაიმისთვის მზად არ ვარ. მთავარია, რომ თამაში დავიწყე და დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღვიდგენ. ჩემი პირადი მიზანია, გუნდს ეროვნულ ლიგაში დავეხმარო და რაც მთავარია, ევროპა ლიგაზე წარმატებით რომ ვითამაშოთ“.
–
„ლოკომოტივის“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშემ ბოლოს, 2018 წლის 8 დეკემბერს „რუსთავის“ წინააღმდეგ ითამაშა. 2019 წელს გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზე მყოფს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მთელი წელი მკურნალობდა. საბედნიეროდ, „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა დაავადება დასძლია და ვარჯიში 2019 წლის ნოემბერში განაახლა.