მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ითამაშა - „ლივერპულმა“ ესპანელებს ოფიციალური წინადადებით მიმართა #1TVSPORT
მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ითამაშა - „ლივერპულმა“ ესპანელებს ოფიციალური წინადადებით მიმართა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად ითამაშა „ვალენსიაში“, რომელმაც ფრანკფურტის „აინტრახტი“ 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ამხანაგურ მატჩში ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ამ დროისთვის „ვალენსია“ 2:1-ს იგებდა.

მე-4 წუთზე ესპანელები რაფა მირმა დააწინაურა. ოთხ წუთში მარმუშმა პენალტით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-15 წუთზე „ვალენსია“ დურომ ისევ წინ გაიყვანა. ვალენსიელთა უპირატესობის გაზრდა 32-ე წუთზე პეპელუს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა. გერმანელებმა 72-ე წუთზე დინა ებიმბეს ზუსტი დარტყმით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრეს. მაგრამ „ვალსენსიამ“ მაინც მოიგო – 87-ე წუთზე გერმანელების კარი ალბერტო მარიმ აიღო.

„ვალენსია“ შემდეგ შეხვედრას 17 აგვისტოს ლა ლიგაში გამართავს – ქართველის გუნდი სეზონის პირველ მატჩში „მესტალიაზე“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, მაგრამ ქართველი მეკარე ამ დროისთვის გუნდში ისევ იქნება თუ არა, ჯერ უცნობია.

ინგლისური წყაროების ცნობით, „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა და ამტკიცებენ, რომ მოსალოდნელია ფეხბურთელთან 5+1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.