მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ისევ ითამაშა - „ვალენსიამ“ „გრანადასთან“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
ლა ლიგის მე-2 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდა და სტადიონ „ლოს კარმენესზე“ გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ქულა გადაარჩინა.
გიორგი მამარდაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო. „ვალენსია“ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ბაკას კარგი გადაცემით საჯარიმოსთან კოლუმბიელმა ლუი სუარესმა ისარგებლა, მცველს გაექცა და ქართველმა მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა – 1:0.
მეორე ტაიმში „გრანადამ“ ტემპს და შეტევებს უმატა და გიორგის საქმე მოუმრავლდა. 61-ე წუთზე მან კუთხურის შემდეგ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც კუთხურის გათამაშებისას ფრანგმა მაქსიმ გოლანონმა თავური დაარტყა, მაგრამ ქართველმა კიპერმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.
„ვალენსიამ“ ქულა მაინც მოიპოვა. 87-ე წუთზე ხოსე გაიას წაქცევისთვის „გრადანას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კარლოს სოლერმა ზუსტად შეასრულა – 1:1.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და „ვალენსიამ“ ლა ლიგაში გამართული ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულა დააგროვა.