მამარდაშვილმა „ვალენსიას“ უკაპიტნა და პენალტი აიღო - ქართველის გუნდმა „ოსასუნა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსია“, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ლა ლიგაში სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
31-ე ტურის შეხვედრაში მამარდაშვილი „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრავმირებული ხოსე გაიას არყოფნაში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.
„ვალენსიამ“ ანგარიში მე-18 წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გახსნა – დიეგო პოლესმა შესანიშნავი გადაცემით ანდრე ალმეიდა გაუგრძელა, რომელმაც ზუსტი დარტყმით „ოსასუნას“ კარის აღება მოახერხა.
„ოსასუნა“ მეორე ტაიმში ბევრს უტევდა. მამარდაშვილს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა – ერთხელ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ერთ ეპიზოდში კი პირისპირ გასულ მეტოქეს შეუშალა ხელი.
გიორგიმ 85-ე წუთზე დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო, 90+7-ე წუთზე კი ანტე ბუდიმირის ძალიან უცნაურად შესრულებული პენალტი აიღო.
ლა ლიგაში გამართული 31 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 47 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და ევროტურნირებზე გამსვლელ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. მამარდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში კარი „მშრალად“ მე-12-ედ შეინახა.