მამარდაშვილმა „რეალთან“ კარი უგოლოდ ვერ შეინახა - „ვალენსია“ „მესტალიაზე“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და კარიერაში ყველაზე დიდი გამოცდა ჩააბარა – ქართველმა მეკარემ მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშა და კარი უგოლოდ ვერ შეინახა.
„ვალენსიამ“ ლა ლიგის (ესპანეთის ჩემპიონატის) მე-5 ტურში სამეფო კლუბს „მესტალიაზე“ უმასპინძლა. მე-15 და 22-ე წუთებზე „ვალენსიას“ მწვრთნელი ხოსე ბორდალასი იძულებული გახდა, შეცვლები განეხორციელებინა და ტრავმის გამო ჯერ კარლოს სოლერი შეცვალა, შემდეგ ტიერი კორეია. ეს იმ დროს, როდესაც გუნდს ტრავმის შედეგად ისედაც ორი ლიდერი დააკლდა – ხოსე გაია და დენის ჩერიშევი.
გიორგი თამაშში პირველად მე-11 წუთზე ჩაერთო, როდესაც ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი ფედერიკო ვალვერდემ ჩაკიდა – „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ ბურთი მოიგერია. 32-ე წუთზე კი კაზემიროს ძლიერი დარტყმისას ბურთი დაამიწა, ხოლო 44-ე წუთზე – ისევ ვალვერდეს გადაცემა. საბოლოოდ, პირველ ტაიმში გიორგიმ კარი „მშრალად“ შეინახა.
მეორე ნახევარში ლუკას ვასკესმა 59-ე წუთზე სცადა კარის აღება, მაგრამ მამარადშვილმა პოზიცია ზუსტად შეარჩია და ბურთს იოლად დაეუფლა. ამის შემდეგ უკვე კაზემიროს, ლუკას ვასკესის და ვინისიუსის გასროლებს გადაეღობა.
„ვალენსიამ“ გამოუყენებელი მომენტების შემდეგ 66-ე წუთზე მიზანს მიაღწია – მასპინძლები ჰუგო დუროს გოლით დაწინაურდნენ.
მადრიდელებმა მთელი ძალით შეუტიეს და ქართველ მეკარეს საქმე მოემატა. მას ორჯერ მოუხდა ქარიმ ბენზემას შეტევის მოგერიება. მაგრამ 86-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა – ბურთი დიმიტრი ფულკიეს მოხვდა და ასხლეტით ბადეში აღმოჩნდა. 89-ე წუთზე კი ქარიმ ბენზემამ გაიტანა – ამ ეპიზოდში გიორგი გამოსვლაზე შეცდა.
საბოლოოდ, „რეალმა“ 2:1 მოიგო და 5 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში 13 ქულით გალიდერდა. მეორეზე მადრიდის „ატლეტიკოა“ (11), ხოლო მესამე-მეოთხეზე – „ვალენსია“ (10) და „რეალ სოსიედადი“ (10).