მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია - „ვალენსია“ „სელტასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ვიგოს „სელტასთან“ ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „ღამურები“ 1:3 დამარცხდნენ.
„ვალენსიამ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-14 წუთზე დიეგო ლოპესის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა. „სელტამ“ თამაში მალე შემოატრიალა – 23-ე წუთზე ოსკარ მინგეზამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ხუთ წუთში მისი გადაცემით ვიგოელები იაგო ასპასმა დააწინაურა.
ტაიმის მიწურულს (45+5 წუთზე) „სელტას“ მესამე ბურთის გატანაც შეეძლო, ხოლო ასპასს – დუბლის შესრულება – „ვალენსიის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
ქართველმა მეკარემ „ვალენსიას“ საფრთხე 56-ე წუთზეც აარიდა, მაგრამ ოთხ წუთში ფრან ბელტრანის ზუსტ და შესანიშნავ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა – „ვალენსია“ 1:3 დამარცხდა, ორი ტურის შემდეგ ჯერ ქულა არ აქვს და ბოლო ადგილზეა.