გიორგი მამარდაშვილი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება „ლივერპულის“ ფეხბურთელი – ქართველმა მეკარემ ინგლისურ გრანდში დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შესახებაც ინფორმაცია და ფოტოები ესპანურ მედიაში გავრცელდა.
მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებაზე თავის მენეჯერთან, ლევან სეთურიძესა და „ლივერპულის“ წარმომადგენელებთან ერთად იმყოფებოდა.
Tribuna Deportiva-მ ფოტოს შემდეგი კომენტარი დაურთო: „გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. მასთან ერთად მისი აგენტი და ინგლისური კლუბის წარმომადგენლები იმყოფებიან, ყველაფერი შეთანხმებულია“.
გამოცემის ჟურნალისტმა, ექტორ გომესმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მხარეები გასულ კვირაში სიტყვიერად შეთანხმდნენ, ახლა კი კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება. „ლივერპული“ „ვალენსიას“ 32.5 მილიონ ევროს წელსვე გადაუხდის (პლუს 5 მილიონ ევროს ბონუსების სახით), კიდევ 10%-ს კი – მომავალი ტრანსფერიდან“.
საინტერესოა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც: „გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ დასახელებული თანხა ოდნავ განსხვავებულია – „ვალენსია“ ფიქსირებულად 30 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება, ხოლო მომავალი ტრანსფერიდან ესპანურ კლუბს 10 პროცენტი ერგება“.