მამარდაშვილმა კარი ისევ უგოლოდ შეინახა - „ვალენსიამ“ გასვლაზე მოიგო, ქართველი ვიდეორეფერის „დაუმეგობრდა“ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი უგოლო თამაში ჩაატარა, „ვალენსიამ“ კი გასვლაზე მოიგო და ევროზონასთან ჩამორჩენა შეამცირა. ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ვალენსია“ „ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე“ „ელჩეს“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.
გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია. მაგალითად, მე-3 წუთზე ანტონიო ბარაგანის შორეულ პასი ჩაჭრა. ასე მოხდა 39-ე და 75-ე წუთებზე. ანგარიში კი 50-ე წუთზე გაიხსნა. კარლოს სოლერის გადაცემის შემდეგ გონსალო გედეშმა საჯარიმოში ბრწყინვალედ ითამაშა და ახლო მანძილიდან ბურთის ბადეში გაახვია – 0:1.
67-ე წუთზე ენცო როკომ „ვალენსიას“ კარი აიღო, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია, შემტევზე თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი თანამედროვე ტექნოლოგიას „დაუმეგობრდა“ – მის კარში გატანილი გოლი ვიდეორეფერიმ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გააუქმა.
თუმცა 81-ე წუთზე გოლი არც „ვალენსიას“ ჩაუთვალეს. გონსალო გედეშმა „ელჩეს“ მეორედაც გაუტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. 82-ე წუთზე კიკემ სცადა გატანა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი ბურთს ადგილზე დახვდა.
90+2-ე წუთზე „ელჩე“ კაცნაკლული დარჩა – ხუან მოხიკამ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, „ვალენსიამ“ კი თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა (0:1) და 29 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-9 ადგილზეა.