მამარდაშვილმა ესპანეთში ისევ ითამაშა - კაცნაკლულმა „ვალენსიამ“ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა – ქართველის „ვალენსიამ“ ლა ლიგის 34-ე ტურში აუტსაიდერ „ლევანტეს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
აშკარაა, რომ „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი 21 წლის ქართველ მეკარეს ენდობა და ძირითად შემადგენლობაში მას ხედავს. სამწუხაროდ, ქართველი „ლევანტეში“ ვერ ვიხილეთ. გასულ სეზონში პერიოდულად გუნდში გიორგი ქოჩორაშვილს ათამაშებდნენ, მაგრამ დიდი ხანია ის მთავარ გუნდში არ გამოჩენილა.
გიორგის ამ შეხვედრაში საკმაოდ ბევრი სანევიულო ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ „ლევანტე“ გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია. „ვალენსიამ“ პირველივე ნახევარში მოახერხა „ლევანტეს“ კარის აღება – ანგარიში 27-ე წუთზე ჰუგო დურომ გახსნა. მაგრამ 4 წუთში მასპინძლები რთულ ვითარებაში ჩავარდნენ – არბიტრმა მოედნიდან ხოსე გაია გააძევა და „ვალენსია“ კაცნაკლული დარჩა.
გიორგი მამარდაშვილს საქმე ამის შემდეგ გაუჩნდა. 45+5-ე წუთზე დანი გომესმა დაბალ კუთხეში დაურტყა, მაგრამ ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა. 56-ე წუთზე უკვე ხოსე ლუის მორალესმა შეუტია და მამარდაშვილმა ისევ საიმედოდ ითამაშა. 70-ე წუთზე გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო.
სამწუხაროდ, „ვალენსიამ“ კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა. 82-ე წუთზე ოსკარ დუარტემ ზუსტად დაარტყა და „ლევანტეს“ ქულა მოუტანა 1:1. 34 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 43 ქულით მე-10 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე არც გავარდა ემუქრება და ევროსაგზურის შანსიც არ აქვს.