მამარდაშვილმა ესპანეთში ისევ ითამაშა და კარი უგოლოდ შეინახა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და ამჯერად ახალგაზრდა ქართველმა კიპერმა მოედანი ისე დატოვა, გოლი არ გაუშვია, ხოლო მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლა ლიგის 26-ე ტურში გამართულ მატჩში, რომელიც ქართველის გუნდმა გასვლაზე „მალიორკასთან“ გამართა. სტუმრებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. „მალიორკას“ კარი მე-4 წუთზე გაბრიელ პაულისტამ აიღო. სტუმრებს ბოლოს ჰუგო დურო გაუგდეს და კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ საბოლოოდ, „ვალენსიამ“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მეტოქე 0:1 დაამარცხა.
გიორგი ნელ-ნელა ახერხებს იმ ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევას, რის გამოც თავიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაში უჭირდა. ქართველი მეკარე საიმედოდ იდგა კარში, მცველებმაც საიმედოდ ითამაშეს და გოლი არ გაუშვია, 42-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში უკვე მე-10 მატჩი ჩაატარა, კარში ზედიზედ უკვე ოთჯერ იდგა და როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბოდალასი მთავარი მეკარის, იესპერ სილესენის არყოფნაში მას ათამაშებს.
რაც შეეხება „ვალენსიას“, გუნდმა ლა ლიგაში გამართული 26 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა, მოგებით სატურნირო ცხრილში სამი ადგილით დაწინაურდა და ამჟამად მე-12 პოზიციას იკავებს.