მამარდაშვილის „ვალენსიას“ გატუზოს ნაცვლად ვორო გაწვრთნის - თავდაჯერებულობა გვჭირდება, ვითარება რომ შევცვალოთ #1TVSPORT
ჯენარო გატუზომ „ვალენსია“ ურთიერთშეთანხმებით დატოვა და მისი დროებითი შემცვლელი უკვე დაასახელეს.
იტალიელმა მწვრთნელმა ესპანური კლუბი დატოვა კვირას, „ვალიადოლიდთან“ 1:0 წაგების შემდეგ. „ვალენსია“ მე-14 ადგილზეა ლა ლიგაში და გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.
იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე „ნაპოლის“ წვრთნიდა და სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი ტიტული ამ გუნდში მოიპოვა – 2020 წელს „ნაპოლი“ მისი ხელმძღვანელობით იტალიის თასის მფლობელი გახდა.
გატუზომ „ვალენსიაში“ ივნისში ხოსე ბორდალასი ჩაანაცვლა, რომელმაც კლუბი მეცხრე ადგილზე გაიყვანა და ესპანეთის თასზე „მესტალიელებს“ ფინალის საგზური მოუტანა.
„ვალენსიამ“ გამოაცხადა, რომ გატუზოს დროებით ვორო შეცვლის, რომელიც უკვე ექვსჯერ იყო მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი. ვორო (სალვადორ გონსალეს მარკო) ესპანეთის ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი იყო (1993–1995, 9 მატჩი). სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს „ვალენსია B“-ში დაიწყო და მას შემდეგ ამ გუნდში მუშაობს.
„20-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე ვართ. ეს შედეგი უზარმაზარი ფსიქოლოგიური დარტყმაა. ახლა ჩვენ თავდაჯერებულობა გვჭირდება, რომ ვითარება შევცვალოთ. ყველაზე მეტად ეს ფსიქოლოგიური ასპექტი მაწუხებს. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ყველაფერს შევცვლი“, – განაცხადა ვორომ გამოცემა Superdeporte-თან.