გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 10 კაცით დარჩენილი მეტოქე ვერ დაამარცხა, მაგრამ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა – 1:1.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრაში, რომელიც „მესტალიაზე“ გაიმართა, საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 24-ე წუთზე ჰუგო დურიომ დააწინარა, მაგრამ აიოზე პერესმა 45+3-ე წუთზე წონასწორობა ეფექტური დარტყმით აღადგინა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
თუმცა, მეორე ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. 56-ე წუთზე რეალური შანსი ჰქონდა „ვილიარეალის“ შემტევს, ტიერნო ბარის, მაგრამ ახლოდან მარჯვენა დაბალ კუთხეში მის დარტყმას გიორგი მამარდაშვილი გადაეღობა და გუნდი რეალური გოლისგან გადაარჩინა.
4 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ პირველი ქულა მოიპოვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა.