მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო ერთ-ერთ კონკურენტ „ელჩესთან“ და ლა ლიგაში დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა – 2:0.

საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრა, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და ბევრი საქმე არც ჰქონია. მატჩი „ვალენსიამ“ გასვლაზე გამართა გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შანსი, ქულების მარაგი შეევსო და ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა.

ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა „ვალენსიამ“ მაღალ დონეზე ჩაატარა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მე-19 წუთზე ანგარიში სამუელ ლინომ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე სტუმრებმა უპირატესობა გონსალო ვერდუს ავტოგოლით გაზარდეს.

შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ვალენსია“ ქულებით (30) „ალმერიას“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ისევ აუტსაიდერთა ზონაში, მე-18 ადგილზეა.