მამარდაშვილის „ვალენსია“ „მალიორკასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ მორიგი მატჩი მე-15 ადგილზე მყოფ „მალიორკას“ წინააღმდეგ ჩაატარა, მაგრამ გუნდმა არ მისცა საშუალება, კარი მშრალად შეენახა, მესტალიელები კი 1:2 დამარცხდნენ.
„ვალენსიამ“ მეტოქე საკუთარ მოედანზე მიიღო და 52-ე წუთზე ედინსონ კავანის გოლით დაწინაურდა. ამის შემდეგ „მალორკამ“ შეუტია და გიორგი მამარდაშვილს საქმე მოუმრავლდა – 59-ე წუთზე პაბლო მაფეოს საჯარიმო დარტყმა მოიგერია, მაგრამ 66-ე წუთზე გიორგიმ „ვალენსია“ ვეღარ გადაარჩინა. „მალიორკამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ვედატ მურიკიმ შეასრულა და მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.
70-ე წუთზე სტუმრები კიდევ ერთხელ დაემუქრნენ მამარდაშვილის კარს, როდესაც ქართველმა ინიგო რუის დე გალარეტას დარტყმა მოიგერია. თუმცა, „მალიორკამ“ 83-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწია. კანგ-ინ ლი დრიბლინგით მცველებს გასცდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „მალიორკას“ სასარგებლოდ.
„ვალენსიამ“ დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაანიავა, 15 ქულით დარჩა და 11 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მე-9 პოზიციაზეა.