გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩში „ლას პალმასს“ ესტუმრა და დაძაბული ბრძოლა ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დათმო – 2:0.
საქართველოს ნაკრების მეკარემ „მესტალიელების“ რიგებში თამაშის რეკორდი გააუმჯობესა და ამჯერადაც ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, მაგრამ ეს მატჩი გიორგისთვის იღბლიანი არ გამოდგა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. გოლი არც მეორე ნახევრის ბოლო პერიოდამდე გასულა, მაგრამ 88-ე წუთზე „ლას პალმასმა“ სტუმართა წინააღმდეგობა გატეხა. თავდამსხმელმა ალექს სუარესმა მცველს დააასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე გოლი კი 90+5-ე წუთზე საკამათო ვითარებაში გავიდა – ფლანგური გადაცემისას მამარდაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, მასპინძელთა თავდამხმელი მარკ კარდონა და საკუთარი მცველი ერთდროულად შეეჯახნენ და ბურთი კარში შეგორდა. მსაჯმა წესის დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა.
„ვალენსია“ ლა ლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ 35 ქულით დარჩა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა, „ლას პალმასი“ კი დაეწია და უკეთესი მაჩვენებლებით მერვე ადგილზეა გადაინაცვლა.