მამარდაშვილის სიტყვაზე ავფეთქდი - გატუზო ქართველ მეკარეს შეცდომის მიუხედავადაც ენდობა #1TVSPORT
„ვალენსიას“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „სევილიასთან“ მატჩამდე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და ბოლო ტურის შეხვედრის შემდეგ ქართველ მეკარესთან საუბრის დეტალები გაამხილა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ აუტსაიდერ „ელჩესთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2. გიორგი მამარდაშვილი მეტოქის თავდამსხმელს ეუხეშა, რის შედეგადაც „ვალენსიას“ კარში დანიშნულ პენალტს გოლი მოყვა.
„მამარდაშვილმა თამაშის შემდეგ ბოდიში მომიხადა, რაზეც ავფეთქდი. მან ბევრმა თამაშში გადაგვარჩინა. ამ გოლით არაფერი შეცვლილა. ფეხბურთში ასეთები ხდება. ის ჩემი და მთელი გუნდის მაქსიმალური ნდობით სარგებლობს. ამიტომ ვუთხარი, რომ სიტყვა „ბოდიში“ დაივიწყოს“, – განაცხადა ჯენარო გატუზომ.
ამ თემაზე გამოცემა superdeporte წერს: „ახალგაზრდა ვალენსიელმა მეკარემ იცის, რომ დროა გამოავლინოს საუკეთესო უნარები და დამაჯერებლობა, რაც გასული სეზონის ფინალურ მონაკვეთში და მიმდინარე ჩემპიონატის დასაწყისში შეძლო, რომლითაც ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარე გახდა“.
დღეს „ვალენსიას“ და მამარდაშვილი დიდი გამოცდა ელით. 18 ოქტომბერს გუნდი „სანჩეს პისხუანზე” ლა ლიგის მე-10 ტურში „სევილიას“ ესტუმრება. მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილი შეუცვლელად თამაშობს „ვალენსიაში“, რომელიც 14 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.