მამარდაშვილის მენეჯერი - „ვალენსიასთან“ იჯარა ერთწლიანია, მაგრამ იანვარში პირობები გადაიხედება #1TVSPORT
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მეკარის მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
„მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ამის გამო, მამარდაშვილის თაობაზე „დინამო თბილისთან“ (ვისაც მეკარის ტრანსფერი ეკუთვნის) „ლოკომოტივმა“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტა. საბოლოოდ, ყველაფერი გიორგის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდა, რადგან თბილისის „ლოკომოტივის“ თანხმობის გარეშე ეს გარიგება არ გამოდიოდა. გიორგი ესპანეთში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბოლოს მისი პირადი კონტრაქტის საკითხიც შეთანხმდა. იჯარა ერთწლიანია, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩაწერილია კარგი პირობა, რომ იანვარში პირობები გადაიხედება – ეს იმ შემთხვევაში, თუ „ვალენსია“ მამარდაშვილის დატოვებას გადაწყვეტს და გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს. სხვაგვარად, გიორგი წამოვა და ეს კარგი ოფციაა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან სეთურიძემ.
ახალგაზრდა მენეჯერმა შეთანხმების პირობებზე და „ვალენსიასთან“ მოლაპარაკების ფინანსურ დეტალებზე ისაუბრა: „ბუნებრივია, თანხების დაკონკრეტება ჩემი საქმე არ არის და მოვერიდები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თანხას მიიღებს „ლოკომოტივი“, რადგან მოთამაშის ინტერესი გაითვალისწინა და იჯარა გაწყვიტა. თუ „ვალენსიამ“ იჯარის შემდეგ კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა, სარგებელს „დინამოც“ მიიღებს და „ლოკომოტივიც“. მიხარია, რომ ეს ტრანსფერი შედგა და მამარდაშვილი ასეთ კლუბში ითამაშებს“.
20 წლის გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია. 2020 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშედ (800 ათას ევრო) დაასახელა. 2021 წლის დასაწყისში გიორგი მამარდაშვილი უეფა-მ 50 საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.
ლევან სეთურიძე ახალგაზრდა ქართველი მენეჯერია, მაგრამ 30 წლის ახალგაზრდამ ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელა – მისი დახმარებით, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ლა ლიგის გუნდში, „ლევანტეში“ ქართველი ჩაირიცხა – გიორგი ქოჩორაშვილი, ახლა კი „ვალენსიაში“ მამრდაშვილი გადავიდა.