მამარდაშვილის კიდევ ერთი კარგი მატჩი - „ვალენსიამ“ „ბარსელონასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, საქართველოს ნაკრების მეკარის შესანიშნავი თამაშით კი „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ ქულა მოიპოვა – 1:1.
პირველ ტაიმში გიორგი მამარდაშვილმა სამი რთული ბურთი მოიგერია და სამივეჯერ რობერტ ლევანდოვსკის აჯობა – განსაკუთრებით სახიფათო ბოლო ორი მომენტი აღმოჩნდა, როდესაც კატალონიელების პოლონელმა თავდამსხმელმა ჯერ ძლიერად დაარტყა, მეორედ კი პირისპირ დარჩენილმა ქართველ მეკარეს ვერ აჯობა.
„ბარსელონამ“ მიზანს მეორე ტაიმში მაინც მიაღწია – 55-ე წუთზე სწრაფი და ეფექტური შეტევა ჟოაო ფელიქსმა დააგვირგვინა, ქართველ მეკარეს კი შანსი აღარ ჰქონდა. გიორგიმ 67-ე წუთზე რაფინიას უძლიერესი დარტყმული მოიგერია და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.
„ვალენსიამ“ 70-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. უგო გილამონმა საჯარიმოს სიახლოვესთან ბურთი მიიღო და „ბარსელონას“ კარის „ცხრიანში“ გააგზავნა.
კატალონიელება მთელი ძალით შეუტიეს. 74-ე წუთზე ორიოდე მეტრიდან ფერან ტორესის დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა თავისი გუნდი ისევ გადაარჩინა. ტაიმის ბოლოს კი პირისპირ გასულ რაფინიას მეორედაც აჯობა.
საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ვალენსია“ ლა ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-10 პოზიციაზეა.