მამარდაშვილის კარგი თამაშის მიუხედავად - „ვალენსია“ „ვალიადოლიდთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„ვალენსიამ“ ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში „ვალიადოლიდთან“ დასანანი მარცხი იწვნია (1:0) იმის მიუხედავად, რომ გიორგი მამარდაშვილმა მატჩი კარგად ჩაატარა და გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა.
„ვალიადოლიდმა“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის თასზე 3:0 წააგო, ხოლო ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სჭირდებოდა. საწყის 20 წუთში უკეთ „ვალენსია“ უტევდა, მაგრამ ედინსონ კავანიმ და იუნუს მუსამ საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლეს.
მალე „ვალენსიას“ დაღლილობა დაეტყო, რადგან ჯენარო გატუზოს გუნდი 11 დღის განმავლობაში მე-4 მატჩს ატარებდა. „ვალიადოლიდმა“ ამით ისარგებლა, ბურთის გაკონტროლება მოახერხა და პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე საგოლე შანსები შექმნა.
რეალური შანსი დარვინ მაჩისს მიეცა, მაგრამ მამარდაშვილმა სტუმრები გადაარჩინა, მალე კი ოსკარ პლანოს დარტყმა მოიგერია. საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიაში“ გამორჩეული იყო და შესანიშნავი თამაშით მასპინძლების კიდევ ორი უმწვავეს იერიში ჩაშალა, როდესაც მასთან მარტო დარჩენილ მაჩისსა და გონსალო პლატას არ გაატანინა.
„ვალიადოლიდმა“ მიზანს 90-ე წუთზე მაინც მიაღწია. მამარდაშვილს მოედანზე 76-ე წუთზე შესულმა საილ ლარინამ გაუტანა და მასპინძლებს სამი ქულა, ხოლო „ვალენსიას“ მტკივნეული მარცხი მოუტანა – 1:0. „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო და 20 ქულით მე-14 ადგილზე დაქვეითდა.