მამარდაშვილის კარგი თამაშის მიუხედავად, „ვალენსია“ შინ „ბარსელონასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა ახალი სეზონი „ვალენსიაში“ დაიწყო, რომელიც ლა ლიგის პირველ ტურში „მესტალიაზე“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და, ქართველი მეკარის კარგი თამაშის მიუხედავად, 1:2 დამარცხდა.
44-ე წუთზე უგო დურომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ვალენსიელებმა ტაიმი მაინც ვერ მოიგეს – 45+5-ე წუთზე კატალონიელების შეტევა რობერტ ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა – 1:1.
პოლონელმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლო დუბლის შესრულება – 48-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და „ბარსელონა“ წინ გაიყვანა.
კატალონიელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედოდ თამაშობდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და საბოლოოდ ვალენსიელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება (7.1) დაიმსახურა.
ანგარიში აღარ შეცვლილა და „ვალენსიამ“ სეზონის პირველი მატჩი წააგო. რაც შეეხება მამარდაშვილს, ჯერჯერობით უცნობია, შემდეგ ტურში ისევ ლა ლიგაში ითამაშებს თუ პრემიერლიგაში, სადაც მას „ლივერპული“ და „ბორნმუთი“ იწვევენ.