მამარდაშვილის ფასი „ფენტეზიშიც“ საგრძნობლად გაიზარდა - ეს ახალი სეზონის პირველი ფანტასტიკური გარიგებაა #1TVSPORT
„ჩვენ უკვე გვაქვს ახალი სეზონის პირველი ფანტასტიკური გარიგება“, – ამ სათაურით აქვეყნებს jornadaperfecta-ს ჟურნალისტი ხუან რივერო სტატიას გიორგი მამარდაშვილზე – მისი თქმით, ლა ლიგაში პირველი მატჩით „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ფასი „ფენტეზიში“ საგრძნობლად გაიზარდა. მართალია, წერილი ონლაინ თამაშებს ეხება, მაგრამ ქართველ მეკარეზე საინტერესო ანალიზია.
„ეს ასეა – 2021/2022 წლების სეზონში ლა ლიგის პირველი მატჩი გაიმართა და ჩვენ უკვე გვყავს პირველი ფანტასტიკური გარიგება. ეს „ვალენსიას“ ახალი მეკარე გიორგი მამარდაშვილია. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილის შევსების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ტურნირის დასაწყისში, სადაც ჩვენ ყველას ძლიერი მეკარე გვჭირდება. ვინ არის მამარდაშვილი? „ვალენსიაში“ უხმაუროდ ჩასულმა მეკარემ უცნაური კონტრაქტი გააფორმა, რადგან ბორდალასს უკვე ჰყავს ორი ძალიან საიმედო მეკარე, როგორებიც არიან იასპერ სილესენი და ხაუმე დომენეკი. ალბათ, გიორგის ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ამ უკანასკნელის შესაძლო წასვლა იყო. ქართველი მეკარე მხოლოდ 20 წლისაა, ხოლო მისი სიმაღლე თითქმის 2 მეტრია. ის იჯარით დაიმატეს „დინამო თბილისიდან“, სადაც ის 18 წლის მივიდა. მას შემდეგ მამარდაშვილი ყოველ სეზონზე იჯარით სხვაგან თამაშობდა. იყო საქართველოს 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი“, – წერია jornadaperfecta-ს სტატიაში.
ხუან რივერო „ვალენსიას“ მეკარეთა კონკურენციასაც შეეხო.
„ახლა „ვალენსიას” პირველი ნომრობისთვის ბოლო სეზონებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული კონკურენციაა. სილესენსა და დომენეკს შორის მუდმივ და სასტიკ კონკურენციაში ყველა მიუთითებდა, რომ ამ სეზონს ნიდერლანდელი დაიწყებდა, მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა. უკეთ არც დომენეკია, რომელიც პრობლემებისგან კვირაობით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ბევრს საუბრობდნენ მის შესაძლო წასვლაზე და მამარდაშვილის კარგ თამაშს ამის დამტკიცება შეუძლია. მეორე კი ახალგაზრდული გუნდის მეკარე კრისტიან რივეროა, რომელიც მწვრთნელის გეგმებში არაა და ეს პირველ ტურშიც ვნახეთ. ქართველი მეკარის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ეჭვები ჩნდება – მას შემდეგ, როდესაც ორივე ვეტერანი გამოჯანმრთელდება, გაბედავს თუ არა მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კვლავაც დაეყრდნოს ახალგაზრდა გიორგის თუ აირჩევს უსაფრთხო ვარიანტს, ანუ სილესენს ან დომენეკს“.
ჟურნალისტი „ფენტეზის“ მოთამაშეებს მამარდაშვილის ტრანსფერს ურჩევს.
„ჯერ ერთი, როგორც ახლახან ვთქვით, ჩვენ არ შეგვიძლია იმის გარანტია მოგცეთ, რომ ქართველი მთელი სეზონის განმავლობაში პირველი მეკარე იქნება. როგორც ჩანს, ამ როლში სილესენს ვიხილავთ. მან წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ დიდი მეკარეა. მაგრამ მისი ტრავმები დამაფიქრებელია. „ხეტაფესთან” შესანიშნავი თამაშის შემდეგ, რომელმაც მას ქულები მოუტანა, ფენტეზიში მამარდაშვილის ფიგურა ბრწყინვალე ხდება. მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულებაა „ბევენჯერში“ 640,000 და „მისტერში“ 768,000. მაგრამ უახლოეს დღეებში ის გაიზრდება, ფაქტობრივად, ის უკვე გაიზარდა 180 ათასითა და 66 ათასით შესაბამისად „ბევენჯერსა“ და „მისტერში“. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ ფსონი მის ტრანსფერზე დადოთ. ჩემპიონატის დასაწყისში ამაზე ფულის გამომუშავება საკმაოდ მომგებიანია. ეს ასევე შესანიშნავი ვარიანტია, თუ თქვენს გუნდში იასპერ სილესენი უკვე გყავთ, რადგან მამარდაშვილი შეიძლება იყოს მისი შემცვლელი ან პირველობა წაართვას კიდეც“.