მამარდაშვილი თუ სილესენი - ფანები „რეალთან“ ქართველის თამაშს ითხოვენ #1TVSPORT
ესპანური გამოცემა „სუპერდეპორტე“ „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ მოახლოებულ შეხვედრამდე კიდევ ერთხელ შეეხო საკითხს, რომელიც წელს სეზონის დაწყების შემდეგ მუდამ ისმის – ვინ დადგება „მესტალიელთა“ კარში – გიორგი მამარდაშვილი თუ იესპერ სილესენი?
„დაპირისპირება გრძელდება. იასპერ სილესენი ის მეკარეა, რომელიც გუნდის მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს სეზონის სასტარტო შემადგენლობის წევრად სურდა, მაგრამ სეზონის დაწყებამდე, ფეხბურთელის ტრავმამ და გიორგი მამარდაშვილის გამოჩენამ ბორდალასის გეგმები შეცვალა. მისი არგუმენტები ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველმა კარგად ითამაშა და ლიგის ოთხ თამაშში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა“, – წერს „სუპერდეპორტე“.
ამასთან დაკავშირებით, ესპანურმა გამოცემამ „ვალენსიას“ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა – „რას გააკეთებდით ბორდალასის ნაცვლად? მამარდაშვილი თუ სილესენი? მადრიდელებთან მატჩში თავად ვის აირჩევდით?“.
საინტერესოა, რომ გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გიორგი მამარდაშვილის მხარე დაიჭირა და მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა:
მამარდაშვილი თუ სილესენი?
გიორგი მამარდაშვილი 80% (1356)
იესპერ სილესენი 20% (339)
„ვალენსიას“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი „მესტალიაზე“ კვირას, 19 სექტემბერს გაიმართება. ლა ლიგის მე-5 ტურის ეს შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.