მამარდაშვილი მცველებმა ისევ დააღალატეს - „ვალენსიამ“ კონკურენტთან მარცხით საქმე გაირთულა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა პირველად ითამაშა ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით „ვალენსიაში“, რომელმაც ლა ლიგის შეხვედრა კონკურენტ „ხეტაფესთან“ 0:1 წააგო და საქმე ძალიან გაირთულა.
ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის გასვლითი მატჩი „ვალენსიამ“ აგრესიულად დაიწყო და ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ სამუელ ლინოსა და ილაიშ მორიბას სახიფათო დარტყმებს „ხეტაფეს“ მეკარე დავიდ სორია გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა.
გიორგი პირველად საქმეში მე-19 წუთზე ჩაერთო და მაროკოს ნაკრების შემტევის, მუნირ ელ ჰადადის დარტყმა მოიგერია. 43-ე წუთზე კი გუნდი სამჯერ გადაარჩინა – ჯერ ისევ ელ ჰადადის თავურზე გამოავლინა ბრწყინვალე რეაქცია და ბურთი მარცხენა ქვედა კუთხეში არ გაუშვა, კუთხურის გათამაშებაზე კი მამარდაშვილმა კვლავ საიმედოდ ითამაშა და ბურთს ორჯერ გადაეღობა.
„ხეტაფემ“ „ვალენსიას“ კარის აღება მაინც მოახერხა. 82-ე წუთზე დაცვის მორიგი ჩავარდნით ბორხა მაიორალმა ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. „ვალენსიას“ დაცვა კიდევ ერთხელ 88-ე წუთზე შეცდა და ქართველმა კიპერმა გუნდი ენეს უნალის დარტყმის შემდეგაც გადაარჩინა.
„ხეტაფემ“ (22) ამ მოგებით „ვალენსიას“ (20) გადაასწრო, რომელმაც 22 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად გაირთულა და მე-19 ადგილზე დააქვეითა.