მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ მოგება ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა „ვალენსია“ შემადგენლობაში, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში „ბილბაოსთან“ სტუმრად მოგება ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან – 2:2.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსები პირველ ტაიმში „ბილბაოს“ ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილმა გუნდი ორჯერ გადაარჩინა, საქართველოს ნაკრების მეკარემ ორივე ეპიზოდში ინიაკი ვილიამსს აჯობა. თუმცა მასპინძლები 32-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსის გოლით მაინც დაწინაურდნენ.
გიორგიმ მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი. მე-60 წუთზე ბილბაოელების შეტევის დაგვირგვინებას დანი გარსია ცდილობდა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და როგორც ჩანს, ამით გუნდზე ძალიან კარგად იმოქმედა.
ორ წუთში სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა ფრან პერესმა გოლით დააგვირგვინა, 69-ე წუთზე კი მისი გადაცემით „ვალენსია“ უგო დურომ დააწინაურა. „შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც ვერ მოახერხეს და 90+7-ე წუთზე ალექს ბერენჟემ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
11 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 15 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა, მატჩის დასრულებისთანავე კი ქართველი მეკარე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.