გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ლა ლიგის სეზონს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, – ინფორმაციას კლუბის ტვიტერის გევრდი ავრცელებს.
დღეს ლა ლიგის გათამაშება იწყება. „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „ხეტაფეს“ მასპინძლობს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ლა ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ქართველი მოხვდა.
იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო, წინასასეზონო თამაშები გიორგი მამარდაშვილმა ჩაატარა და „დინამო თბილისიდან“ იჯარით ჩასულმა ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ დაამტკიცა, რომ ის გუნდის პირველი მეკარეობის კანდიდატია. არადა, თავიდან ის „მესტალიას“ შვილობილი კლუბის (მეხუთე დივიზიონშია) მეკარედ დაიმატეს.
მისმა ბოლო ორმა თამაშმა, „ლევანტესთან“ და ოთხშაბათს, „ტარონიას თასზე“ „მილანის“ წინააღმდეგ, საშუალება მისცა სპეციალისტებს, დაენახათ ქართველი მეკარე (197 სანტიმეტრი) კარგი რეფლექსებით, ფხიზელი, თავდაჯერებული და მშვიდი. მიუხედავად 20 წლის ასაკისა, ფეხითაც კარგად თამაშობს. მან ორი თამაში უგოლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში, რომელიც ევროპის ტოპ-ლიგების ხუთეულში ერთ-ერთი საუკეთესოა, სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს – გიორგი მამარდაშვილის გარდა, „ლევანტეში“ გიორგი ქოჩორაშვილია, ხოლო „დეპორტივო ალავესში“ – 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გაგუა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლა ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში შოთა არველაძე მოხვდა, რომელიც „ლევანტეში“ 2007–2008 წლებში თამაშობდა. შარშან ამავე გუნდში გიორგი ქოჩორაშვილი გამოჩნდა.