მამარდაშვილი კურტუას ტყუპისცალია - ესპანური გამოცემა გიორგის „რეალის“ მეკარეს ამსგავსებს #1TVSPORT
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა „დარიო ასმა“ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას შეადარა და ორივე ნიუ-იორკის ცნობილ ტყუპისცალ „კოშკებად“ მონათლა – თუ რატომ, წერილიდან შეიტყობთ.
„გიორგი მამარდაშვილი აკერპებს მანუელ ნოიერს, მაგრამ ბევრი მას სიმაღლისა და აღნაგობის გამო ტიბო კურტუას ადარებს. ესენი არიან ლა ლიგის ყველაზე მაღალი მეკარეები და კვირას ჩვენ მათ პირისპირ ნახვას შევძლებთ.
ის ზაფხულში „ვალენსიაში“ „უკანა კარიდან“ შევიდა. ეს იყო ერთ-ერთი ეგზოტიკური შენაძენი, რომელსაც კლუბები ჩვეულებრივ აკეთებენ თავიანთი სარეზერვო გუნდებისთვის. მაგრამ როდესაც ხოსე ბორდალასმა ქართველი საქმეში ნახა, მას ეჭვები აღარ დარჩენია. გიორგი მამარდაშვილი (თბილისიდან, 2000 წელს დაბადებული) „მესტალიელებთან“ წინასასეზონო შეკრებაზე პირველ გუნდში გადავიდა და ახალგაზრდული ასაკისა და შთამბეჭდავი სიმაღლის გამო „კარები შეამტვრია“.
მამარდაშვილმა აჯობა კრისტიან რივეროს, ხაუმ დომენეკს და იასპერ სილესენს. მან კარგი ფორმით და თანაგუნდელების ტრავმებით ისარგებლა, რათა მოეპოვებინა ხოსე ბორდალასის ნდობა. „ვალენსიას“ მწვრთნელმაც მას გუნდის კარი ანდო და გიორგი უკვე სეზონის სტარტის ერთ-ერთი სენსაცია გახდა.
მამარდაშვილი ნოიერის გულშემატკივარია, მაგრამ ბევრი უკვე მას ტიბო კურტუას ადარებს. გიორგი არის 199 სანტიმეტრი სიმაღლის და ცაციაა. ის კარის უსაფრთხოების გარანტია. ქართველი მადრიდელთა მეკარის ტყუპისცალს ჰგავს, რადგან კურტუაც ცაციაა და მხოლოდ სანტიმეტრით მაღალია. გიორგი და ტიბო ლა ლიგის „კოშკები“ არიან, ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მეკარეები. კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. კურტუას სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს, მამარდაშვილი კი 800,000 ევროდაა შეფასებული.“
ხვალ, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს და დიდი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი პირველივე წუთებიდან დაიწყებს თამაშს.