მამარდაშვილი „ხეტაფესთან“ ბრწყინვალე იყო - მშრალად შენახული კარი სადებიუტო შეხვედრაში [ვიდეო] #1TVSPORT 
მამარდაშვილი „ხეტაფესთან“ ბრწყინვალე იყო - მშრალად შენახული კარი სადებიუტო შეხვედრაში [ვიდეო] #1TVSPORT 

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ეს „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ შორის შეხვედრაში მოხდა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი იყო.

შეხვედრა დრამატულად დაიწყო – 35-ე წამზე, მასპინძელთა ნახევარმცველი ჰუგო გილიამონი უხეშობისთვის მოედნიდან გააგდეს და „ვალენსია“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მაგრამ დენის ჩერნიშოვის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ „ხეტაფეს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მე-10 წუთზე კარლოს სოლერიმ უნაკლოდ გამოიყენა. 75-ე წუთზე „ხეტაფეს“ მცველმა ერიკ კაბაკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანი დატოვა და გუნდები რიცხობრივად გათანაბრდნენ.

პირველად გიორგი საქმეში 21-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ურუგვაელი მცველის, დამიან სუარესის საჯარიმო დარტყმის შემდეგ გუნდი გადაარჩინა.

 

35-ე წუთზე უკვე მეორე ურუგვაელის, მაურო არამბარის თავურ დარტყმას მშვიდად დაუხვდა. მეორე ტაიმში „ხეტაფე“ უტევდა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა – გიორგის ჩართვა კიდევ რამდენჯერმე მოუხდა. 55-ე წუთზე კარიდან გამოსულმა ბურთი მოიგერია, 84-ზე უკვე ვიტოლოს (ვიქტორ მაჩინ პერესის) სახიფათო შეტევას გადაეღობა და გუნდი გადაარჩინა. 93-ე წუთზე კი ხოსე მასიასის დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა მშვენიერ ნახტომში აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი, რისთვისაც მაყურებლისა და თანაგუნდელების აღტაცება დაიმსახურა.

 

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო და სეზონის პირველი სამი ქულა მოიპოვა, გიორგი მამარდაშვილმა კი ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი „მშრალად“ და მაღალ დონეზე ჩაატარა.

მამარდაშვილი მეოთხე ქართველია გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის გუნდში ითამაშა და პირველი ქართველი მეკარეა, ვინც ეს მოახერხა.