მამარდაშვილი „კადისთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „კადისთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გიორგიმ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთედ მოედანი ისე დატოვა, გოლი არ გაუშვია, სულ კი მისი უგოლო სერია 477 წუთია გრძელდება. „კადისთან“ შეხვედრის მე-40 წუთზე ალვარო ნეგრედოს ახლოდან დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე მოიგერია, გუნდი გოლისგან გადაარჩინა და გამოსვლებზეც საიმედოდ ითამაშა.
საქართველოს ნაკრების მეკარის საიმედო და დამაჯერებელი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემა „დარიო ასმა“ გამოარჩია და 10-ქულიან სისტემაში 8 ქულით შეაფასა.
„მამარდაშვილი – ქართული „კედელი“ სულ უფრო მყარი ხდება. ფაქტობრივად, „ვალენსიას“ კარი მისი საკუთრება გახდა მიუხედავად იმისა, რომ იესპერ სილესენი მომჯობინდა და დაბრუნდა. ეს მამარდაშვილის მიმართ მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობაზე მეტყველებს. თამაშის გამორჩეული მომენტი იყო მისი ნახტომი, როდესაც ნეგრედოს უძლიერესი დარტყმა მოიგერია. ამის გარდა, გამოირჩეოდა კარგი გამოსვლებით, შორეულ დარტყმებსაც მშვიდად იგერიებდა“, – წერს „დარიო ასი“.