მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ მთავარი მეკარეა - „ოსასუნასთან“ ქართველი ვიდეორეფერიმ დაიცვა [ვიდეო] #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ კარში დადგა – ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში „ოსასუნასთან“ „მესტალიელთა“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა პირველ ნომრად ისევ ქართველი კიპერი დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი იესპერ სილესენი სრულად მომჯობინდა.
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ შესაძლოა, „ვალენსიას“ კარში სანაკრებო მატჩებისგან თავისუფალი სილესენი დამდგარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. „ოსასუნასთან“ ლა ლიგის მე-4 ტურის გასვლითი მატჩი ქართველმა კიპერმა დაიწყო.
მე-7 წუთზე მამარადშვილის კარში არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეორეფერიმ პენალტი გააუქმა. მიუხედავად ამისა, მე-8 წუთზე ხონ მონკაიოლამ ქართველი მეკარე მაინც დაამწუხრა – „ოსასუნას“ ნახევარმცველის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ვერ მოიგერია და მასპინძლები დაწინაურდნენ. სხვათა შორის, გოლის ავტორი იმითაა ცნობილი, რომ „ოსასუნასთან“ ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. 23 წლის ნახევარმცველს პამპლონურ კლუბთან ხელშეკრულება 2031 წლამდე აქვს გაფორმებული.
გიორგიმ 45+4-ე წუთზე კიკეს უძლიერესი დარტყმის შემდეგ სტუმრები გადაარჩინა. „ვალენსიამ“ კი ანგარიში გაათანაბრა – 26-ე წუთზე კარლოს სოლერის გადაცემით მაქსი გომესმა წონასწორობა აღადგინა. ხოლო მეორე ტაიმში მეტოქე აშკარად დაჩაგრა. 50-ე და 54-ე წუთებზე გონსალო გედეშმა ორჯერ აიღო მასპინძელთა კარი და „ვალენსია“ 3:1 დააწინაურა. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.
62-ე წუთზე „ოსასუნას“ სერბმა შემტევმა დარკო ბრაშანაცმა გოლი გაიტანა და თავიდან ისე ჩანდა, რომ გიორგი მამარდაშვილი უხეშად შეცდა – ხელში აღებული ბურთი გაუვარდა. მაგრამ ვიდეორეფერი ქართველის მხარეს დადგა, შემტევზე მეკარის წინააღმდეგ წესის დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. რეალურად, გიორგის ბევრი საქმე არც ჰქონია.
73-ე წუთზე, „ვალენსიამ“ კუთხური მოაწოდა და პარაგვაელმა ომარ ალდერეტემ ზუსტი თავური დარტყმით მეტოქის კარი მეოთხედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4 „ვალენსიას“ სასარგებლოდ.
ოსასუნა – ვალენსია (მიმოხილვა)
ქართველი მეკარის გუნდმა ლა ლიგაში გამართული 4 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და ლიდერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ გაუთანაბრდა.